გთხოვთ შემოწმება ჩაატაროთ კომპიუტერით

2

ვინ ვართ და რატომ ვაკეთებთ ამ პროექტს?
ჩვენ ვართ კომუნიკაციების კომისია, რომლის მთავარი ამოცანა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებლების ინტერესების დაცვაა. შევქმენით საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი - SHEAMOTSME.GE, რომლის გამოყენებითაც, თქვენ საშუალება გეძლევათ ნებისმიერ დროს გაზომოთ და შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის შედეგად აღმოაჩენთ, რომ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ იცავს, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, კომისიაში შეგიძლიათ საჩივრის გამოგზავნა. თქვენთვის უხარისხო ინტერნეტის მოწოდების დადასტურების შემთხვევაში, კომისია პროვაიდერი კომპანიის მიმართ, კანონით განსაზღვრულ ქმედებებს განახორციელებს.
რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ უხარისხო ინტერნეტი?
  • თუ ინტერნეტ პროვაიდერის მიერ არასათანადო ხარისხის ინტერნეტი მოგეწოდებათ, რომლის შემოწმების საშუალებასაც სწორედ ინტერნეტის ხარისხის კონტროლისთვის შექმნილი ვებ-გვერდი SHEAMOTSME.GE გაძლევთ.
  • თუ თქვენ სარგებლობთ, მოწყობილობით (კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი, ლეპტოპი და ა.შ.) რომელიც დავირუსებული, ან გაუმართავია, თუმცა თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ.
  • თუ თქვენი ქსელის მოწყობილობა (როუტერი), არასწორი ინსტალაციის, ან ქარხნული პარამეტრების გამო, ვერ უზრუნველყოფს იმ ხარისხის ინტერნეტის მოწოდებას, რომელსაც ყიდულობთ პროვაიდერისგან.
  • თუ თქვენ სარგებლობთ WIFI მოწყობილობით, რომლის გამტარუნარიანობაც ნაკლებია თქვენს მიერ შეძენილ ინტერნეტ პაკეტზე. სწორედ ამის გადასამოწმებლად აუცილებელია, მოწყობილობა, რომლითაც შემოწმებას ატარებთ, ინტერნეტის ქსელთან დაკავშირებული იყოს სადენის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაცია
01
რა პარამეტრებს ვზომავთ?
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების იმ პარამეტრებს, რომელიც თქვენსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული:
  • სიჩქარე - ჩამოტვირთვის მინიმალური, ფაქტობრივი და მაქსიმალური სიჩქარე;
  • ჯიტერი - ინტერნეტ კავშირის დროს ხმოვანი და ვიდეო სტრიმინგის ხარისხის პარამეტრები;
  • დაყოვნება - პარამეტრი, რომელიც მომხმარებელსა და ინტერნეტის მიმწოდებელს შორის, ინფორმაციის გაგზავნასა და მიღებას შორის დროის დაყოვნებას ამოწმებს;
  • დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი - გაგზავნილ და უკან მიღებულ ინფორმაციებს შორის დაკარგული მონაცემების პროცენტული მაჩვენებელი.
02
როგორ ვამოწმებთ?
შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, ინტერნეტ მომსახურების ხარისხი ამერიკული კომპანია „Visualware”-ის აპარატურით იზომება, რომელიც საქართველოში ორ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ ინტერნეტ გაცვლის წერტილშია განთავსებული. ამას გარდა, ლონდონში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერნეტის გაცვლის წერტილში განთავსებულია დამატებითი აპარატურა, რომელიც გლობალურ რესურსებთან დაშვების ხარისხს ზომავს. „Visualware“-ის აპარატურა საშუალებას გვაძლევს გავზომოთ ფიქსირებული ინტერნეტი.
03
როგორ აგზავნით საჩივარს?
გაზომვის დროს ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა გაძლევთ საშუალებას ავტომატურ რეჟიმში შეავსოთ საჩივრის ფორმა და გამოაგზავნოთ კომისიაში.

იმისთვის, რომ თქვენი საჩივარი არ დახარვეზდეს, აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ ინსტრუქცია, სწორად შეავსოთ ყველა მითითებული ველი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაგზავნოთ საჩივარი.
04
რა ხდება საჩივრის დაწერის შემთხვევაში?
თქვენს მიერ შევსებული საჩივარი კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ავტომატურად დაფიქსირდება. აღნიშნული სამსახური საჩივრის ვალიდურობას და გამოგზავნილი ინფორმაციის სიზუსტეს შეამოწმებს.

იმ შემთხვევაში, თუ შემოწმება წესების დარღვევით იქნება ჩატარებული, ან სავალდებულო ინფორმაცია არასწორად იქნება მითითებული, აღნიშნული საჩივარი გაბათილდება, რის შესახებაც, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური წერილობით გაცნობებთ. ახალი საჩივრის გამოსაგზავნად ინტერნეტის ხარისხი ახლიდან უნდა შეამოწმოთ.

იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი სწორად და სრულყოფილად არის შედგენილი, კომისიის წარმომადგენელი წინასწარი შეთანხმებით მოვა თქვენთან და ინტერნეტის ხარისხის გასაზომი სპეციალური მოწყობილობით, 24 საათიან მონიტორინგს ჩაატარებს. თუ 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ ინტერნეტ მომსახურების მომწოდებელი კომპანია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, კომისია კომპანიის მიმართ კანონით განსაზღვრულ ქმედებებს განახორციელებს.